მოსამართლემ პოლიტიკოსი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო სხდომის დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა. ის პროცესს მხარის სტატუსით ესწრებოდა. ფარულავას მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული სამართალწარმოება აქვს დაწყებული 10 ნოემბრის აქციის დროს სანაპიროების გადაკეტვის საქმეზე.
ლაშა ფარულავამ შუამდგომლობისთვის დრო ითხოვა და გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: "არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ კანონს! არა რუსულ არჩევნებს!" მოსამართლემ პოლიტიკოსს შენიშვნა მისცა და მოუწოდა პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად შუამდგომლობაზე ესაუბრა.
ფარულავამ სიტყვა გააგრძელა: „სიმბოლურია, რომ ამ საქმეს თქვენ განიხილავთ. თვითმმართველობის არჩევნების წინ მე თქვენთან მქონდა საჩივარი და განვიხილავდით არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. წარმოგიდგინეთ მტკიცებულება, მაგრამ თქვენ ეს არ დააკმაყოფილეთ, ვერ დაინახეთ დანაშაული. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებთ... ამ ბრალდებებით ქვეყანაში კვდება გამოხატვის თავისუფლება, შეკრება-მანიფესტაციის უფლებას ართმევთ ხალხს. ამ პროცესში თქვენ ხართ მხარე, მხარე იყავით არჩევნების პერიოდში და მხარე ხართ ახლაც”, - ამ განცხადების შემდეგ მოსამართლემ მანდატურებს ლაშა ფარულავას დარბაზიდან გაყვანა დაავალა და დააჯარიმა კიდეც.
საქალაქო სასამართლოში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა. ათობით მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებს შსს 10 და 17 ნოემბრის აქციებზე გზების ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
მხოლოდ გუშინ, 27 ნოემბერს, ერთ დღეში სასამართლომ აქციის მონაწილეებს ჯამში 9500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ აქციის მონაწილე სამართალდამრღვევად არ მიიჩნია.
დღეს, 28 ნოემბერს, ზვიად ცეკვავა 10 ადამიანის საქმეს გაერთიანებულად განიხილავს.
პროცესები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ადმინისტრაციული კოლეგიის სხვა მოსამართლეებთანაც.
იურისტების შეფასებით, შსს “მტკიცებულებების შესაგროვებლადაც არ იწუხებს თავს” და სამგვერდიანი ოქმებით აჯარიმებს აქტივისტებს, მიზანი - პროტესტის ჩახშობა და დაშინებაა.
ამ პოზიციას არ იზიარებს შსს და მიაჩნია, რომ 10 ნოემბერსა და 17 ნოემბერს ქუჩაში არ ყოფილა იმ რაოდენობის ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების ბუნებრივად გადაკეტვა შეეძლო.
10 ნოემბერს ფეისბუქჯგუფ "დაიტოვეს" ინიციატივით, აქცია-მსვლელობა გაიმართა პარლამენტის ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორივე სანაპირო, 17 ნოემბერს კი დემონსტრანტებმა ვარაზისხევი გადაკეტეს.