World News

პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში შეხვდება

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა დღეს საღამოს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

28 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

„ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ...“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად...

ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.

Читайте на 123ru.net