World News

დემონსტრაციების მეათე დღე - მშვიდობიანი აქცია რუსთაველზე და ძალადობა ბესიკის ქუჩაზე

პროევროპული აქცია-მსვლელობა 7 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მეათე დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საღამოს ხუთი საათისთვის დაიწყო და 7 საათისთვის, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა.




პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე, ჭიჭინაძესა და ჩიტაძეზე კვლავ განლაგდნენ სამართალდამცავები. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ თავისუფლების მოედანზეც, თუმცა, 7 დეკემბრის ღამეს, სამართალდამცავებს დემონსტრანტების წინააღმდეგ აღარ გამოუყენებიათ სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი, ცრემლდმდენი აირი და ე.წ. წიწაკის სპრეი.


პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რამდენიმე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე.


ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობი პირები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხრაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს. დაზიანებები იმდენად რთული იყო, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მოგვიანებით ექიმებმა თქვე, რომ ორივე ტვინის შერყევა აქვთ და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.




ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი უცხო პირები ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ პირს.




მალევე, რუსთაველის გამზირზე გაუსწორდნენ ფიზიკურად შავნიღბიანი პირები მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.




საპროტესტო აქციების მეათე ღამე რუსთაველის გამზირზე ღამის 3 საათისთვის დასრულდა.




ათი ღამეა თბილისში დემონსტრაციები იმართება.


მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.


„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.


6-7 დეკემბრის ღამეს, აქციის დაშლისას, სპეცრაზმის თანამშრომლებმა 48 პირი დააკავეს. დემონსტრანტების დაკავებისას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.


იმავე ღამეს საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი აირი.


აქციების მეათე ღამეს, სამართალდამცავეს, სავარაუდოდ, არცერთი დემონსტრანტი არ დაუკავებიათ.


დემონსტრაციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი.


28 პირს კი სისხლის სამართლის დანაშაულები ედებათ ბრალად.


 

Читайте на 123ru.net