World News

პერსონალური და ეკონომიკური სანქციები - ევროპარლამენტარების დელეგაცია თბილისში ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში მაღალჩინოსნებს მიმართავს

ევროპარლამენტარების 7-წევრიანი დელეგაცია თბილისში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასა და ევროკომისარ მარტა კოსს მიმართავენ და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირებას ითხოვენ თითოეული წევრი ქვეყნისაგან.


13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ისინი აღწერენ დემონსტრანტებსა და მედიაზე ძალადობას, პოსტსაარჩევნო ვითარებას და ამბობენ: „ჩვენ ევროპარლამენტს და წევრ ქვეყნებს ვუბრუნდებით დრამატული გზავნილით, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას“.


„ჩვენი მტკიცე რწმენაა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იქნას აღიარებული“, - მიიჩნევენ ისინი.


„ახალი პარლამენტი საქართველოს დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით შეიკრიბა. ასეთ კონტექსტში ახალი პრეზიდენტის არჩევას არ ექნება ლეგიტიმაცია“, - ვკითხულობთ წერილში.


მიმართვა კიდევ რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათ შორის:



სანქციებს: „მოვუწოდებთ ინდივიდუალურად ყველა წევრ სახელმწიფოს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დააწესონ ცალმხრივი ინდივიდუალური სანქციები“, - წერენ ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები, რომლებიც ევროპარლამენტში დიდ ჯგუფებს წარმოადგენენ;
ასევე: „უნდა განვიხილოთ შემდგომი ეკონომიკური სანქციები შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით“
მოწოდება ვიზიტისაკენ: „ევროკავშირის ლიდერები უნდა ეწვიონ საქართველოს სოლიდარობის დემონსტრირებისთვის და თავი უნდა შეიკავონ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრისგან“;
მედიის დახმარებას: „ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოყონ სასწრაფო დაფინანსება დამოუკიდებელი ქართული მედიისთვის და განიხილონ „საქართველოს ევროპული მომავლისათვის ევროკავშირის სპეციალური ელჩის“ დანიშვნა“


დელეგაციის წევრები მიუთითებენ, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციებიდან ჩანს, რომ ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით. „ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის ყველა სხვა ინსტიტუტი და წევრი სახელმწიფო აიღებს მაგალითს“.


მათი მოსაზრებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი შეიძლება გადაწყდეს ახალი არჩევნების გზით, - რომელიც ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ.


„ჩვენ მოვითხოვთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ყველა დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, წამების შეწყვეტას და დამოუკიდებელი მედიის, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების შევიწროების შეწყვეტას“.


13 დეკემბერს გაგზავნილი წერილის ადრესატები არიან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. 


შვიდი ევროპარლამენტარი 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას.


„ყველა მათგანმა ნათელი მოჰფინა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, - გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და მას მოყოლილ სასტიკ რეპრესიებს საზოგადოების, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ“, - წერენ ევროპარლამენტარები.

Читайте на 123ru.net