World News in Georgian

ირანი ბირთვული სააგენტოს რეზოლუციის საპასუხოდ „ახალ, გაუმჯობესებულ“ ცენტრიფუგებს აამუშავებს

ირანმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ დაიწყებს ახალი, “უფრო მოწინავე“ ცენტრიფუგების ამოქმედებას იმ რეზოლუციის საპასუხოდ, რომელიც გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო.

რეზოლუციაში თეირანის მიმართ გამოთქმულია კრიტიკა, სააგენტოს აზრით, ცუდი თანამშრომლობისთვის. რეზოლუცია ირანში სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის სტუმრობის შემდეგ, მალევე მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ ირანმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს „ზომები თავისი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა მოჰამად ესლამიმ გასცა ბრძანება, „მიიღონ ეფექტიანი ზომები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ახალი და გაუმჯობესებული ცენტრიფუგების სერიის ამოქმედების ჩათვლით.“

ერთობლივი განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც 21 ნოემბერს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო მეორე რეზოლუცია, რომელშიც გაკრიტიკებულია სააგენტოსთან თეირანის თანამშრომლობა ივნისში გამოთქმული მსგავსი გაფრთხილების შემდეგ.

სააგენტოს რეზოლუცია, რომელიც ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა წარადგინეს და რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-მა, გამოჩნდა იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა აშშ-ის ახლახან არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თანამდებობის კვლავ დაკავებისთვის ემზადება. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა აამოქმედა „ირანზე მაქსიმალური" ზეწოლის პოლიტიკა.

ტრამპმა 2018 წელს აშშ-ს ცალმხრივად დაატოვებინა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება. ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის მიღწეული ეს შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას.

საპასუხოდ ირანმა შემდგომ განაახლა ურანის ეტაპობრივი გამდიდრება. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ირანს სურდა ბირთვული იარაღის შექმნა.

თეირანი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ თავისი ატომური პროგრამა სამოქალაქო ბუნებისაა.

Читайте на 123ru.net