World News in Georgian

სუსი პროევროპულ აქციებს უკავშირებს ხელისუფლების დამხობის საქმეს, რომელსაც წელიწადზე მეტია იძიებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება და წერს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენები ცხადყოფს, რომ დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.


„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. 


მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე ამბოხების მუხლითაც აღძრა.


ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე 2024 წლის ივლისში, უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველი გამოიკითხა.




ნოემბრის დასაწყისში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რურუა ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე. „ეს არის მიმდინარე საქმე - მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს [გიორგი რურუა]. გრიფი [საიდუმლო] ადევს [ამ საქმეს]“, - უთხრეს სუსში რადიო თავისუფლებას. თუმცა ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე - არის თუ არა ეს იგივე გამოძიება, რომლის დაწყების შესახებაც უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა ივლისში.




2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.


ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.


გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.




მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მესამე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.


28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.


 

Читайте на 123ru.net