World News in Georgian

ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ექსპრემიერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.


„ქართული ოცნებისა“ და ელისეს სასახლოს თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.


„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა“, - წერს „ქართული ოცნება“ 11 დეკემბერს გავრცელებულ ცნობაში.


„თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“, - წერია განცხადებაში.


პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.


მოგვიანებით ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ საუბარი ემანუელ მაკრონის ინიციატივით შედგა და ამ საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა „დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ“.


განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა მაკრონმა „მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა“ [საფრანგეთის საელჩოს ოფიციალური თარგმანის თანახმად, მან ითხოვა „ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება“].


ამასთან:



„მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომლიც არჩეული იქნა ან იქნება;
ის გამოვიდა მოწოდებით, ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა“.


ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ინფორმაციას ავრცელებს ბიძინა ივანიშვილის მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაციის შესახებ.


 


ბიძინა ივანიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე უარს ამბობდა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიზეზი იყო „ფინანსური შანტაჟი“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები.


თუმცა 21 ოქტომბერს, - არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, - ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად, თავისით გადაწყდა“ და მზაობა გამოთქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შესახვედრად „არჩევნების შემდეგ“. თუმცა ეს შეხვედრა არ გამართულა.


მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.


იმავე ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესაუბრა შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.


„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.


ბიძინა ივანიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა. 2024 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას საფრანგეთში.


რადიო თავისუფლებამ ჰკითხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განიხილა თუ არა პრეზიდენტ მაკრონთან მისი ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

Читайте на 123ru.net