400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებულები, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი. მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული "აგენტების კანონის" საპროტესტო აქციაზე 400 -ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის.
ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას მოითხოვდნენ, სანაცვლოდ კი სთავაზობენ გირაოს ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებას.
ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომელიც ბრალდებულების პატიმრობის გახანგრძლივებას ამართლებს.
მათი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობის გარდა, სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებების განხილვაც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პროცესზე შეიტყვეს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდებოდა, რაც პროცესის გაჭიანურების მცდელობად შეაფასეს.
სხდომას უვადოდ დანიშნული მოსამართლე ნათია გუდაძე უძღვებოდა.
სხდომაზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა, რომელთან მიახლოების საშუალებაც შვილს არ მიეცა:
“დედაჩემია, მიმიშვით!” - ყვიროდა ის.
“საბა, დამშვიდდი”, - ისმოდა დარბაზში.
მეფარიშვილი მანდატურებმა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ხელბორკილდადებული გაიყვანეს დარბაზიდან. სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.
პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ შესვენების შემდეგ გამოაცხადა.
ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 14 მაისს “აგენტების კანონის” საპროტესტო აქციაზე 400-ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სასჯელი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა. ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია - აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის საფასურია, 150 ლარი კი მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა.
187-ე მუხლის, რომლის მიხედვითაც ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი დღემდე პატიმრობაში რჩებიან, გამკაცრების გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით მარტის აქციების შემდეგ მიიღო. მანამდე სასჯელის მაქსიმალური ვადა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო.
ბრალდებულების სასამართლო პროცესი აქამდე 3-ჯერ გადაიდო.
საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, მომდევნო სხდომების თარიღები მოსამართლემ განსაზღვრა:
25 დეკემბერი - 16:00 სთ;
27 დეკემბერი - 13:00 სთ;
6 იანვარი - 12:00 სთ;
10 იანვარი - 12:00 სთ;
17 იანვარი - 12:00 სთ;
20 იანვარი - 12:00 სთ;
24 იანვარი - 12:00 სთ;
27 იანვარი - 12:00 სთ;
31 იანვარი - 12:00 სთ.
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები თბილისში აპრილ-მაისში იმართებოდა. მასშტაბური დემონსტრაციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებდა, მმართველმა პარტიამ ის მაინც დაამტკიცა.