World News

ნინო ლომჯარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხეს

საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ დამფუძნებლის, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენებისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ თავად იყო გამომძიებელი და უნდა დაემტკიცებინა, რომ არჩევნები გაყალბდა. ნინო ლომჯარიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სამ საათს გაგრძელდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ, 27 ნოემბერს, მედიასთან საუბარში თქვა ნინო ლომჯარიამ, საგამოძიებო უწყებას გადასცა თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება.

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ გაყალბდა არჩევნები. ამ დროს პირიქით უნდა იყოს - ისინი არიან გამომძიებლები და მათი ინტერესი უნდა იყოს ყველა გავრცელებულ ინფორმაციაზე დროული რეაგირება. მით უმეტეს, აქვთ შესაბამისი ბერკეტები - თითქმის ყველა უბანზე არსებობდა „ქართული ოცნების“ კამერები, შეუძლიათ ამოიღონ ეს კამერები, შეამოწმონ სიები, კონკრეტულ საჩივრებთან დაკავშირებით გახსნან სიები, ნახონ ვინ შედიოდა, ჰქონდა თუ არა ამ ფაქტებს ადგილი. ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი, სურვილის არსებობის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმაზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, ვიდრე ოდესმე ჰქონია სადამკვირვებლო ორგანიზაციას", - თქვა ნინო ლომჯარიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში.

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ნინო ლომჯარიას "არ წარუდგენია ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად შეესწრო".

"მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „ჩემი ხმის“ ვებგვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება 30 ოქტომბერს დაიწყო. მას გამოძიების მოთხოვნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი უკვე გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. მათ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს.

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილიც.

გამოკითხვაზე დაბარებული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. პასუხად, მან ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.

თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო - საგამოძიებო ორგანოებს თვითონ უნდა მოეგროვებინა მტკიცებულებები. არ გამიგია, რომ საგამოძიებო უწყებამ არჩევნებზე პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები. მოვისმინე ჟოზეპ ბორელის [განცხადება]. მგონი, მასაც უნდა სთხოვოს პროკურატურამ მტკიცებულებები. როგორც ჩანს, მასაც გააჩნია მტკიცებულებები“, - თქვა პრეზიდენტმა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ აღიარა, რის საფუძველზეც 25 ნოემბერს პარლამენტიც შეიკრიბა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა კი საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს. ბარიერგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომას არ დასწრებიან. სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - "კოალიციამ ცვლილებისთვის", "ძლიერმა საქართველომ" და "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. 27 ნოემბერს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლებმა (19 მანდატი) და მანამდე, 25 ნოემბერს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი.

ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპის დარღვევის საფუძვლით არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულია პრეზიდენტის სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოში მე-10 მოწვევის პარლამენტის 30 ოპოზიციონერ დეპუტატზე მეტის ხელმოწერით შეტანილია კიდევ ერთი სარჩელი.

Читайте на 123ru.net