World News

საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების წითელი დონე” აამოქმედეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გაუქმებიდან მეორე დღეს, უმაღლესი, „წითელი დონე” აამოქმედეს.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, რომელიც 28 ნოემბერს, საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

პარლამენტთან მიმდინარე აქცია საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებებით დაშალეს და 29 ნოემბერს დილის შვიდი საათისთვის რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავეს. დილით აღდგა საავტომობილო მოძრაობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან, 29 ნოემბრიდან, შენობაში ამოქმედდა „უსაფრთხოების წითელი დონე”, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვერ შევა ვერავინ, გარდა „პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”.



პრესსამსახურის თანახმად, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.

ოპოზიციური პარტიების და საქართველოს პრეზიდენტის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტში აამოქმედეს „უსაფრთხოების ყვითელი დონე”, რაც ნიშნავს, რომ შენობაში, მათ შორის კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე დაიშვებოდნენ „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები. შესაბამისად, სხვა მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო თავისუფლებას არ მისცეს პროფესიული საქმიანობის უფლება.

პარლამენტის შენობაში 25 ნოემბერს გამოცხადებული „უსაფრთხოების ყვითელი დონე” 28 ნოემბერს, 14:00 საათიდან გაუქმდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოში მედიის მუშაობას. „ყვითელი დონე” მოქმედებდა, მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს.

28-29 ნოემბერს სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უარს ამბობენ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება შეადარა 2013 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რასაც „ღირსების რევოლუცია“ მოჰყვა.

28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.

Читайте на 123ru.net