სპეცრაზმელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს
რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე.
მაშინ, როდესაც ჟურნალისტი დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, - მეცნიერებათა აკადემიასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტი მიწაზე დავარდა, სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა.
რეპორტიორს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციის თანამშრომელმა დაარტყა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პოლიციას მიზანში ჰყავს ამოღებული ჟურნალისტები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელმა სცემა „ფორმულის“ ჟურნალისტს, გურამ როგავას.
"პუბლიკის" ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა, - რა დროსაც სცემეს, - ამბობს, რომ მას გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს.