World News

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს

რუსეთმა უკრაინაში დააბრუნა უკრაინის შეიარაღებული ძალების 502 დაღუპული მებრძოლის ცხედრები. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათგან 397 მებრძოლი დონეცკის მიმართულებითაა მოკლული, 24 - ლუგანსკის, 64 - ზაპოროჟიეს. რუსეთის მორგებიდან გადაასვენეს კიდევ 17 ცხედარი.

უკრაინაში ექსპერტიზის ჩატარების, ამოცნობის შემდეგ ცხედრები ნათესავებს გადაეცემათ დასაკრძალად.

რუსეთის მხარეს ცხედრების გაცვლაზე ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია. ომის მომხრე რუსი ბლოგერების ცნობით, უკრაინამ რუსეთს გადასცა 52 ცხედარი.

2022 წლის შემდეგ რუსეთი და უკრაინა რეგულარულად აწარმოებენ დაღუპულთა ცხედრების გაცვლის ოპერაციებს. გაცვლის შუამავლად, როგორც წესი, გამოდის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

რუსეთი და უკრაინა ცვლიან ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებსაც - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამგვარი გაცვლა უკვე 58-ჯერ იყო. 27 ნოემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ მზადაა ჩაატაროს ყველაზე მსხვილი ასეთი ოპერაცია ფორმულით "630 - 630-ზე". უკრაინის მხარეს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ივნისში ამბობდა, რომ უკრაინაში ტყვედაა რუსეთის 1 348 მოქალაქე, რუსეთში - უკრაინის 6465 მოქალაქე. აგვისტოში - მას შემდეგ, რაც უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში შეძლეს შეღწევა - უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში აღმოჩნდა რუსეთის ასობით სამხედრო.

Читайте на 123ru.net