World News

ზურაბიშვილი: სირცხვილია, როცა არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლის გამო, სამინისტროსთან აქტივისტები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის წარსადგენად.

სამინისტროდან გამოსული კობახიძე აქციის მონაწილეებმა საპროტესტო შეძახილებით: „მონებო“ გააცილეს.

„სირცხვილია როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომელებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება თუ ამას არ მოყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!” - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი პოსტის თანახმად, „არალეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში… რისთვის ალბათ იმისთვის რომ თანამშრომლებს დაემუქროს: აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველას ვინც ხელს აწერს პროტესტს”.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

Читайте на 123ru.net