World News

კობახიძე „ნაცმაიდანს“ უწოდებს დემონსტრაციებს, „საერთაშორისო კოორდინაციაზე“ საუბრობს და ბრიტანეთს გამოყოფს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს „ნაცმაიდანს“ უწოდებს, აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციები „საერთაშორისო კოორდინაციით“ ტარდება და ამ ქვეყნებს შორის დიდი ბრიტანეთი გამოყოფს.


2 დეკემბერს, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, - რას აკეთებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე და ადასტურებს თუ არა იგი რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის მოქალაქეების დაკავებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:


„რეალურად, იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩართულნი. მე არ მინდა, ყველა დავასახელო. იკვეთებოდა სხვადასხვა ქვეყნის ჩართულობა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აქედან ჩანს, რომ „ეს იყო კოორდინირებული“:


„საერთაშორისო მასშტაბის კოორდინაცია ჰქონდა. გარდა იმისა, რომ უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ზოგადად ამ „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში, ეს ჩართულობაც იყო აბსოლუტურად კოორდინირებული. სხვანაირად გამორიცხულია, რომ სამი და მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩართულნი ყოფილიყვნენ ძალადობრივ ქმედებებში. აქ იყო სერიოზული კოორდინაცია“.


ამის შემდეგ, ამავე კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრა ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა მოისურვა:


„დღეს ბრიტანეთის ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, ამ დღეებში ალბათ მოვახერხებთ შეხვედრას, როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით სურს საუბარი“.


რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტარის მისაღებად. პასუხს მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.


წინა დღით დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამბობდნენ, რომ საელჩო „კონტაქტზე იყო“ საქართველოს ხელისუფლებასთან ბრიტანეთის მოქალაქის დაპატიმრებასთან დაკავშირებასთან.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2014, 2015, 2018, 2019 და 2023 წლებში გამოძიებები აქვს დაწყებული „სახელმწიფო გადატრიალების“, „რევოლუციური სცენარისა“ და „მაიდანის სცენარის“ შესახებ, თუმცა გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია.


2024 წლის 2 მაისს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარში პრემიერმა კობახიძემ გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.


პოლიტიკურ განცხადებებში პრემიერ-მინისტრი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და სხვა ლიდერები „გადატრიალების მცდელობებს“ უკავშირებენ „გლობალური ომის პარტიას“.






 

Читайте на 123ru.net