World News

„ლიდერობა ღირსებით“ - აშშ-ის საელჩო საქართველოში აგრძელებს ორსიტყვიანი გზავნილების კამპანიას

„ლიდერობა ღირსებით?“ - ამ ორი სიტყვით ეხმაურება შეერთებული შტატების საელჩო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც 2 დეკემბერს თქვა, რომ „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“, როდესაც მორიგი კომენტარი გააკეთა საპროტესტო ტალღაზე, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.




ბოლო სამი დღეა, აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში, ორი და სამსიტყვიანი გზავნილებით ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.


2 დეკემბერს საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ე.წ. ქარდი გზავნილით: „ყველაფერი გასაგებია“.




ამ გზავნილს კი 3 დეკემბერს მოჰყვა კიდევ ერთი მიმართვა: „ნუ აბრალებთ სხვას“. გზავნილები ქვეყნდება ჰეშტეგით #ყველაფერიგასაგებია.


 




ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.


ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც.




„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​


პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.


რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.




 

Читайте на 123ru.net