World News

პროევროპული დემონსტაციის მე-9 დღე იპოდრომთან დილის ხუთი საათისთვის დასრულდა

პროევრული საპროტესტო დემონსტაციების მე-9 დღე 7 დეკემბერს, დილის ხუთი საათისთვის დასრულდა.


აქციის მონაწილეები, - რომლებმაც დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე დაიწყეს და შსს-ის სპეცრაზმთან, წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის სპრეისთან მოუწიათ დაპირისპირება, - საბოლოოდ თამარაშვილის გამზირზე, იპოდრომთან დაიშალნენ.


დემონსტრანტების ნაწილმა, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ, მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა. გამთენიისას გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო.


რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სანაპიროზე გაჩერდა სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.


მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა ტერიტორია დატოვა - ბიზნესმენმა დავით მიქაძემ. სავარაუდოდ, მისი დაცვის წევრები ადგილზე დარჩნენ; დატოვეს ორი ავტომობილიც.


„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.


რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი და დემონსტრანტებს აგინებს.


რამდენიმე წუთში ისინი ტერიტორიას გაეცალნენ.


ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გააგრძელეს და საბოლოდ იპოდრომთან დაიშალნენ.

Читайте на 123ru.net