World News

რეგულარულად უნდა ვრცელდებოდეს ინფორმაცია ცრემლმდენი გაზის გამოყენებისას რისკების შესახებ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. სპეციალური საშუალებების, ცრემლსადენი აირისა თუ წყლის ჭავლის მანქანაში გარეული საშუალებების გაფრქვევისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.


ის წერს, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად უნდა მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის პრევენციული საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადგილზევე:


„პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს, როცა სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან.


ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა, მაგრამ საჭიროა, აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი, წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა)“, - წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.




ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.


მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.


„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​


აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი აირი.




6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.


სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს 7 დეკემბრის ღამესაც. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.




 


 

Читайте на 123ru.net