World News

კახა კალაძე: „ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას"

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც ათი დღეა გრძელდება.  




8 წუთიან მიმართვაში კახა კალაძე მოითხოვს ძალადობის დაგმობას ყველას მხრიდან და ამბობს, რომ ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, „რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს“, თუმცა თბილისის მერის მიმართვიდან ისე გამოდის, რომ ძალადობენ არა ე.წ. რობოკოპები, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პოლიციელები და ე.წ. ტიტუშკების მარბიელთა რაზმები, არამედ საპროტესტო აქციის მონაწილეები.




„უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, ქვეყნის ჩამოშლის მცდელობის ადგილად. ის იქცა საზოგადოების დაპირისპირების, ბულინგის, შეურაცხყოფის ადგილად. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საზოგადოებაზე“,  -  ამბობს კახა კალაძე, რომელსაც ასევე ოპოზიციასა და საზოგადოებაზე გადააქვს მთელი პასუხისმგებლობა, თუმცა ფორმალურად კვლავ „ყველას წილ“ პასუხისმგებლობაზე საუბრობს:


„ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას. განადგურებული რუსთაველის გამზირის ფოტოების დემონსტრირება და სიხარულის ყიჟინით ამის რომანტიზება გაცილებით რთული აღმოსაფხვრელია ჩვენი შვილების ცნობიერებიდან, ვიდრე თვითონ გამზირის განახლება და მისი მოწესრიგება. უნდა დასრულდეს დაპირისპირება, ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიდის. ვფიქრობ ამ გამოწვევების გადალახვა საერთო ძალისხმევითაა დასაძლევი. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: გვინდა ევროპული მომავალი? მაშინ უნდა გავაგრძელოთ შენება და არა ნგრევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.




 


მეთერთმეტე დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.


პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.


საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

Читайте на 123ru.net