World News

არავის არავინ არ აურჩევია - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილზე

„არავის არავინ არ აურჩევია“, - აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ.


14 დეკემბერს, დღის სამი საათისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან პროევროპული დემონსტრაციის, „დედების მარშის“ მონაწილეებთან გავიდა.


„დედების პრეზიდენტი თქვენ ხართ. თქვენ ხართ ჩვენი პრეზიდენტი“, - მიმართეს მას დემონსტრანტებმა.


„მადლობა თქვენ! მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს! ყველანი ვართ დედები და ყველა ჩვენი შვილი, ვინც აქ დგას, დგას ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე, რათა დავიცვათ ისინი“, - განაცხადა მან.


მან არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტში კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით და თქვა: „არ გვინდა კითხვები... არავინ არავინ არ აირჩია“.


მცირე ხნით ადრე, პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.




კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა.


ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.


26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.


26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.


„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად იყო საკმარისი.


ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა, 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა.


ბათილი ბიულეტენი ადა მარშანიას ეკუთვნოდა - კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან, პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“.




 

Читайте на 123ru.net