World News

ზელენსკიმ ევროკავშირს ივანიშვილზე ზეწოლისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, არ დაუშვას საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა.

როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა არ მისცენ საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპარვით სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

ევროკავშირის ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ „ქართული ოცნების" ლიდერებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.

საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტი გაძლიერდა 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, საპროტესტო აქციების დარბევის და დემონსტრანტებზე ძალადობისა და მათი დაკავებების შემდეგ სანქციები აამოქმედეს ბალტიის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა.

5 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას.

უკრაინის სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.

უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეწყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.

2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.

Читайте на 123ru.net