World News

Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap-ი.


სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000.


უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სამ დღეში რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 77 და დაჭრილია 40-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო.


უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.


პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა  ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.




22 დეკემბერს, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთი ყალბი მოწმობებით ცდილობს დამალოს თავის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცების ყოფნა.


უკრაინული სარდლობის ინფორმაციით, კურსკის ოლქში ლიკვიდირებულ სამ ჩრდილოკორეელ სამხედროს თან ჰქონდა რუსეთის მიერ გაცემული ყალბი სამხედრო მოწმობები, რომლებშიც მათი მამის სახელები რუსულ ყაიდაზეა მითითებული, დაბადების ადგილად მითითებულია რუსეთის ტუვის რესპუბლიკა, თავად ამ პირებს კი მოწმობაზე ხელი მშობლიურ, კორეულ ენაზე აქვთ მოწერილი.


 

Читайте на 123ru.net