World News

თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები სუფთა ჰაერზე ვერ გადიან - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი იუწყება, რომ თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ და, გარდა ამისა, შენობაში „გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა“.

სახალხო დამცველის ფეისბუკზე 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია.

ცენტრის სრული დასახელებაა "იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი) არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი". მას სამი კერძო მესაკუთრე ჰყავს.

ომბუდსმენ ლევან იოსელიანისა და მისი მოადგილის, ირინე ჩიხლაძის მიერ ცენტრში 23 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ:


„დაწესებულებაში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემები;
იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა;
შენობაში გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა;
ხშირია სტაციონარში ერთი და იმავე პირების მოთავსების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით;
მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები;
ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს“.

სახალხო დამცველი იუწყება, რომ ის და მისი რწმუნებულები განაგრძობენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მონიტორინგის შედეგები აისახება საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

Читайте на 123ru.net