World News

დაპირისპირება პროფკავშირში - დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რას ამბობს პროფკავშირი?

დაპირისპირება იყო გაერთიანებული პროფკავშირების შენობის შესასვლელში. დაშავებულია სამი ახალგაზრდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, „ლაბორის“, წევრები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული დაცვის წევრები.

თამილა გაბაიძე, „ლაბორის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 26 დეკემბერს, დილის 11 საათისთვის, გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში დაგეგმილი იყო გამგეობის სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო საკითხი, რომელიც „მიმართული იყო "ლაბორის“ ინტერესების წინააღმდეგ“.

თამილა გაბაიძის თქმით, მას, როგორც იურისტს, უფლება ჰქონდა, რომ სხდომას დასწრებოდა „ლაბორის“ თავმჯდომარესთან, გიორგი დიასამიძესთან ერთად, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირების აპარატის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა ის შენობაში არ შეუშვეს.

იურისტი ამბობს, რომ ამას მოჰყვა დაპირისპირებაც:

„სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა მიმართული იყო „ლაბორის“ ინტერესების წინააღმდეგ. შინაარსის შესახებ ჯერჯერობით ვერ და არ მოგიყვებით, მაგრამ მთავარია ის, რომ განიხილებოდა საკითხი, რომელიც საჭიროებდა იურისტის კომპეტენციას და დაცვის უფლების რეალიზებას.

გიორგი დიასამიძეს იურისტის კომპეტენცია უფრო მეტად დაეხმარებოდა პასუხების გაცემაში. ამიტომაც ვიყავი მე იქ, როგორც იურისტი, მქონდა მინდობილობა და უფლებამოსილება, რომ შევსულიყავი.

თუმცა ერთ-ერთი დარგობრივი პროფკავშირის აპარატის თანამშრომელმა ქალმა მითხრა, რომ სხდომას შეიძლება დაესწროს მხოლოდ თავმჯდომარე და სხვა არავინო და ამიტომ ვერ შემიშვებდნენ შენობაში.

ამასობაში კარში ჩადგნენ ჩვენთვის გაურკვეველი პირები, ალბათ დაქირავებული დაცვა, რომლებმაც იძალადეს „ლაბორის“ წევრებზე. დაიწყეს კარის მიხურვა. ამას მოჰყვა დაპირისპირება.

ამ ე.წ. დაცვის წარმომადგენელმა მუშტი ჩაარტყა სახეში „ლაბორის“ ერთ-ერთ წევრს, ასევე მეორე წევრს ჩაარტყეს მუშტი სახეში და ჩაუმტვრიეს კბილი. მესამე დაზარალებულია გოგო, რომელსაც ხელები და ფეხები აქვს დაბეჟილი. სამივე დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი“.

თამილა გაბაიძის თქმით, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოჰკითხა „ლაბორის“ წევრები. თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, გამოიკითხნენ თუ არა ის პირები, რომლებმაც იძალადეს ახალგაზრდებზე.

დაპირისპირების კადრები გაავრცელა ონლაინ მედიაპლატფორმა "მაუწყებელმა".

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ლაბორის" თავმჯდომარეს, გიორგი დიასამიძეს, თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება სხდომაზე და შესაბამისად, მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში გამგეობის სხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი.

რაც შეეხება "ლაბორთან" დაკავშირებულ საკითხს, რომელიც 26 დეკემბერს გამგეობის სხდომაზე განიხილება, რაისა ლიპარტელიანის თქმით, ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, "ევოლუშენ საქართველოს" გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა გაერთიანებულ პროფკავშირებს მიმართა.

რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ გაფიცულებს კითხვის ნიშნები და პრეტენზიები აქვთ "ლაბორთან", პროფკავშირთან, რომელიც მათ ინტერესებს სათანადოდ არ იცავს:

"პირადად დამიკავშირდნენ, როგორც იურისტს. ჩემთან მოვიდნენ და განაცხადეს, რომ აქვთ უკმაყოფილება "ლაბორთან", მის ხელმძღვანელთან. ეს ჩვენი წევრი ორგანიზაციაა და შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით.

საუბარია იმაზე, რომ გაფიცვის პირველივე დღიდანვე, მათ შორის პიკეტირებები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ღონისძიება, არ იყო კოორდინირებული, არ თანხმდებოდა წევრებთან და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთპიროვნულად ან მხოლოდ მის მოადგილეებთან ერთად.

ეს სიტუაცია გამწვავდა. დღეის მდგომარეობით, კომპანია ამ ადამიანებს ედავება უკანონო გაფიცვას, ზარალის ანაზღაურებაზე. ამასთანავე ისინი ამბობდნენ, რომ ორგანიზაციის ფინანსები გამოიყენებოდა არამიზნობრივად - არა გაფიცულთა მხარდასაჭერად, არამედ პირადი მიზნებისთვის.

სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ საკითხის გამგეობის სხდომაზე განხილვა. სხდომას ესწრებიან თავად გაფიცულებიც. რატომ მოხდა გარეთ დაპირისპირება და რა საჭირო იყო ამ აჟიოტაჟის ატეხვა, არ ვიცი. მით უმეტეს, გიორგი დიასამიძეს არ მოუთხოვია იურისტის დასწრება", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში მიმდინარე გამგეობის სხდომას "ევოლუშენ საქართველოს" 20-მდე გაფიცული თანამშრომელი ესწრება. მათ შორისაა გვანცა სუბელიანი, რომელსაც "ლაბორისა" და მისი ხელმძღვანელის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს:

"ჩვენ ვედავებით "ლაბორს" ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც სავალალო შედეგები მოგვიტანა. მათ შორის ის, რომ ჩვენ გვაქვს ახლა სამართლებრივი დავა "ევოლუშენთან", რომელიც გვთხოვს ფინანსურ კომპენსაციას. "ლაბორი" ამ პროცესებს მართავდა არასწორად".

გვანცა სუბელიანი ამბობს, რომ "ლაბორის" მიმართ პრეტენზიას დაახლოებით 35-მდე გაფიცული თანამშრომელი გამოთქვამს.

უკვე ექვსი თვეა, რაც კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.

საქართველოში "ევოლუშენი" 2018 წელს გამოჩნდა. შვედურ კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ ამჟამად 7000-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ძალა ძირითადად ახალგაზრდებია. კომპანია ონლაინ კაზინოებს ემსახურება. „ევოლუშენ საქართველო" ხუთ შენობაშია განთავსებული, ერთ ცვლაში კი 1000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

Читайте на 123ru.net