World News

წალენჯიხაში უნებართვო და არასასურველი კონცერტის ორგანიზებას აპროტესტებენ

წალენჯიხის მერიამ უკანონო ქმედებად გამოაცხადა საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენის მონტაჟი და ამ სამუშაოებისთვის გზის გადაკეტვა.


წალენჯიხა საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მერიის ხელმძღვანელი თანამდებობები ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. არჩეული მერი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ხარჩილავა 2024 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.


წალენჯიხის მერიაში დღეს, 27 დეკემბერს განაცხადეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰქონდათ შეთანხმება, რომ მერის გარდაცვალების და უკრაინაში წალენჯიხელი მებრძოლის დაღუპვის გამო კონცერტი არ ჩატარდებოდა, რადგან ეს ადგილობრივ მცხოვრებთა დიდი ნაწილის პოზიციაა, თუმცა, ადმინისტრაციამ შეთანხმება დაარღვია.


კონცერტს ეწინააღმდეგებიან თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების და მათზე სასტიკი ძალადობის გამოც.


წალენჯიხის ცენტრში გასამართი კონცერტისთვის დამონტაჟებულ სცენასთან დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა. მონაწილეებს თან ჰქონდათ თბილისში ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები.


წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ბურდულმა ადგილობრივი პოლიციის უფროსს ლევან კვირკვიას მიმართა განცხადებით, რომ მუნციპალიტეტში საღამოს 6 საათზე დაგეგმილი კონცერტი მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც სცენის მონტაჟის და ამ მიზნით გზის გადაკეტვის ნებართვა გაუციათ, ამიტომ, ეს ქმედებები უკანონოა და პოლიციამ კანონით გათვალისწინებულ ზომებს უნდა მიმართოს. მიუხედავად ამ მიმართვისა, სცენის მონტაჟი გაგრძელდა.


 




წალენჯიხაში საახალწლო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწყობს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია იუწყება.


ადმინისტრაციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ „ახალი წლის დღეების“ ფარგლებში გასამართი ღონისიძიება წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე 16 საათზე დაიწყება, „პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს სანტა კლაუსი”, 18 საათზე კი დაიწყება „ღამის შოუს ბენდის“ და ანსამბლ „ფორტეს“ კონცერტი, რომელსაც „ფოიერვერკი დაასრულებს”.




საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საახლწლო კონცერტები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევს. 

Читайте на 123ru.net