World News

წლის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობისა და დაშინების 200-მდე შემთხვევა იყო - TI საქართველო

"საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველოს"ანგარიშის თანახმად, 2024 წლის  წლის განმავლობაში 200-მდე ჟურნალისტი დაექვემდებარა ძალადობას და დაშინებას. სახელმწიფო მხრიდან მომხდარზე არასათანადო რეაგირება  და დამნაშავეთა დაუსჯელობა ორგანიზაციის შეფასებით "ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული”.


"საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველოს" თანახმად განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები. 


“28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა” .


ორგანიზაციის თანახმად “მმართველი პარტიის მიერ წახალისებული ე.წ. “ტიტუშკები” პირდაპირ ეთერში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. ის სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის. აქციების მიმდინარეობისას, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათობით სხვა ჟურნალისტსა და ოპერატორს. ჟურნალისტებისთვის მძიმე იყო მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეც, რა დროსაც, “მედიაჩეკერის” ცნობით, საქმიანობაში ხელი მედიის 70 წარმომადგენელს შეუშალეს.” 




“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.


“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სულ 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, საიდანაც 9-ზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, 1 სისხლის სამართლის საქმეზე კი - გამოძიება შეწყვიტა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხიდან არ ჩანს, მივიდა თუ არა რომელიმე საქმის გამოძიება ბოლომდე და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავე პირები”.




ორგანიზაცია,  გამოყოფს  "კომუნიკაციების კომისიის უარყოფით როლს" კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა წინასაარჩევნო პერიოდში.


"რა დროსაც კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა “მედიაომბუდსმენმაც” და თქვა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა “თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები”. მართალია, წინასაარჩევნო პერიოდში, კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს მიადგა"


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  თანახმად 2024 წელს შენარჩუნდა უცხოელი ჟურნალისტების ქვეყანაში არშემოშვების ტენდენცია.  დაუსაბუთებლად უარი უთხრეს არაერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელთაც საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება სურდათ. 


"ჟურნალისტებზე თავდასხმების, მათ მიმართ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაშინებისა და დისკრედიტაციის გახშირებული მცდელობები, ნათლად გამოხატავს ქართული ოცნების  პოლიტიკური ნების არქონას მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კუთხით. მეტიც, მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა ტოვებს განცდას, რომ ამგვარი ქმედებები სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული და ნებადართული. 


მედიის მიმართ დანაშაულების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა და არაეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ხელისუფლების სხვადასხვა შტო, მხოლოდ ამავე პარტიის ძალაუფლების გამყარების მიზნებს ემსახურება და აცდენილია მის მთავარ დანიშნულებას, რაც საზოგადოების ინტერესების მიუკერძოებელ მსახურებას ნიშნავს", -  დაასკვნის ორგანიზაცია. 


 

Читайте на 123ru.net