კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, გიორგი კალანდარიშვილს დაცვის ვადა გაუხანგრძლივდა
პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს კი გაუხანგრძლივდა.
კაციტაძე ამ უწყების ხელმძღვანელია 2022 წლის მარტიდან. აქამდე მას სახელმწიფო დაცვით არ უსარგებლია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მისია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა. უწყება, მათ შორის, იძიებს 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისში პროდასავლური საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებს.
მთავრობის განკარგულებაში კაციტაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საფუძვლად მითითებულია "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც დაცვის დანიშვნის საკითხს შემდეგნაირად განმარტავს: "თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება".
რადიო თავისუფლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თავისი ხელმძღვანელისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თხოვნით ხომ არ მიუმართავს მთავრობისთვის ან სხვა რა საფუძველი შეიძლება ყოფილიყო მთავრობის ამ გადაწყვეტილების მისაღებად. უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში, ტექსტში აისახება.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განკარგულებითვე, 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც დაცვით სარგებლობის უფლება აქვთ.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, დაცვა მოეხსნება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაარღვევს კონსტიტუციას, ამ ფაქტს საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, მაგრამ მისი თანამდებობიდან გადაყენება მაინც ვერ მოხერხდება.
ამგვარი განმარტების ფარგლებში დაცვით ვეღარ ისარგებლებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.