World News

უკრაინის სპეცოპერაციების ძალები: კურსკში ლიკვიდირებულია 13 ჩრდილოკორეელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ 13 ჩრდილოკორეელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ იუწყება.


სარდლობის მიერ დღეს, 7 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის არმიის 5 სამხედრო მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლის შედეგად, ხოლო 8 - დრონებით.


სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის თანახმად, ჩრდილოკორეელ სამხედროებს იარაღთან ერთად ჰქონდათ ჩინურ-რუსული რადიოსადგური „აზარტი“ და დრონების დეტექტორი. ერთ-ერთს ჰქონდა სტანდარტული სამხედრო ბილეთისგან განსხვავებული მოწმობა. უკრაინელი სპეცრაზმელების ვარაუდით, ეს პირი ოფიცერი იყო. გარდა ამისა, ჩრდილკორეელ სამხედროს თან ჰქონდა პარტიისადმი წერილობითი მიმართვა.




უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.


უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.




პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში იმყოფებიან, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, მათი რიცხვი 12 000-მდეა.


2025 წლის 5 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 3800 ჩრდილოკორეელი სამხედრო. სხვა წყაროებით ეს ცნობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.


 

Читайте на 123ru.net