სულ მცირე 126 ადამიანია დაღუპული ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად
სულ მცირე, 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.
სტიქიური უბედურების ზონაში მეორე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედროც მონაწილეობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული და დაზიანებულია 3600-ზე მეტი სახლი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 400-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 7 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,1 მაგნიტუდის იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალში, ინდოეთსა და ბჰუტანშიც.