CNN: აშშ-ში ცდიან "ჰავანის სინდრომის" გამომწვევ იარაღს, რომელიც რუსულ კომპონენტებს შეიცავს
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდიდა იარაღს, რომელსაც, სავარაუდოდ, შეუძლია „ჰავანის სინდრომის“ გამოწვევა. ამის შესახებ CNN იტყობინება ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
ორი წყაროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ მოწყობილობა „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში“ შეიძინა და მასში „რვანიშნა თანხა“ გადაიხადა. სად და ვისგან იქნა შეძენილი იარაღი, არ ამხელენ.
როგორც იტყობინებიან, მოწყობილობა პულსირებად რადიოტალღებს წარმოქმნის და შეიცავს რუსეთში წარმოებულ კომპონენტებს. ამასთან, ის კომპაქტურია და ზურგჩანთაში ეტევა.
როგორც CNN-ის წყაროებმა განუცხადეს მედიასაშუალებას, აშშ-ის ზოგიერთი ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს ტექნოლოგია ეფექტიანი აღმოჩნდება და შესაძლოა მთელს მსოფლიოში გავრცელდეს.
არხმა კომენტარი მოითხოვა პენტაგონისგან, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის საგამოძიებო ქვედანაყოფისგან და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროსგან.
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) უარი თქვა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.
„ჰავანის სინდრომით“ აღნიშნავენ სიმპტომების ერთობლიობას, რომლებიც მოიცავს თავბრუსხვევას, გულისრევას, თავის ტკივილს, სმენისა და კოორდინაციის პრობლემებს და კოგნიტურ დარღვევებს, რომლებსაც აშშ-ის ჩინოვნიკები და სამხედრო პერსონალი განიცდიდნენ სხვადასხვა დროს. პირველად ამის შესახებ 2016 წელს განაცხადეს ჰავანაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა.
2017 წლიდან მსგავსი სიმპტომები დაფიქსირდა აშშ-ის დაზვერვისა და არმიის პერსონალში სხვადასხვა ქვეყანაში და ვაშინგტონში, ასევე აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს შორის მოსკოვში, თბილისში, პოლონეთში, ტაივანში, ავსტრალიაში, კოლუმბიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ავსტრიაში. 2021 წლის სექტემბრისთვის „ჰავანის სინდრომის“ 200 სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა Havana Act-ს, კანონპროექტს, რომელიც მსხვერპლთათვის კომპენსაციას ითვალისწინებს.
2023 წლის მარტში, აშშ-ის შვიდმა სადაზვერვო უწყებამ დაასკვნა, რომ არსებული სადაზვერვო მონაცემები ეწინააღმდეგება თეორიას, რომ ინციდენტებში აშშ-ის მოწინააღმდეგეები მონაწილეობდნენ. 2024 წლის აპრილში The Insider-მა, Der Spiegel-მა და CBS News-მა განაცხადეს, რომ ინციდენტებთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს 29155-ე სამხედრო ნაწილის თანამშრომლებს. 2025 წლის იანვარში აშშ-ის შვიდი სადაზვერვო უწყებიდან ხუთი კვლავაც დაჟინებით ამტკიცებდა წინა დასკვნების სისწორეს, რომ „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან კავშირი არ ჰქონდათ უცხოურ სადაზვერვო სამსახურებს, წერს Bloomberg-ი.