ჯოზეფ ბორელი: წელს რუსეთის მშპ 10%-ით შემცირდება, ეს გამოიწვევს ყველაზე დიდ რეცესიას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ წელს რუსეთის მშპ 10%-ით შემცირდება.
ბორელის თქმით, ეს გამოიწვევს „ყველაზე დიდ რეცესიას… საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.
„ძალიან მალე, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „მოუწევს არჩევანის გაკეთება ხალხისთვის იარაღსა და ნავთობს შორის“, – აღნიშნა ბორელმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ რუსული გაზის მოხმარების შემცირებაზე უფრო მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელიც მიმართულია „რუსეთის ეკონომიკის კავშირების გაწყვეტისკენ დანარჩენ მსოფლიოსთან“.
„რუსულ სამხედრო მანქანას სჭირდება არა მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგია. შეხედეთ დანგრეული რუსული ტანკის კორპუსს და ნახავთ, დასავლური კომპანიების რამდენი ელექტრონული კომპონენტია იქ. რუსებს აღარ ექნებათ მათზე წვდომა“, – განაცხადა ბორელმა.