რუსი ჟურნალისტები: მესამე კვირაა პესკოვს ვერ ვუკავშირდებით
აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს ბრიფინგი არ გაუმართავს და მედიისთვის არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ამის შესახებ რუსი ჟურნალისტები და ტელეგრამ-არხები წერენ. ინფორმაციას mk.ru ავრცელებს.
რუსი ჟურნალისტები წერენ, რომ „პესკოვს მესამე კვირაა ვერ უკავშირდებიან“. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის ბოლო ბრიფინგი 4 აგვისტოს გაიმართა, ხოლო 2 დღის შემდეგ გამოცემა The New York Times-ში მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
პესკოვმა რამდენიმე უცნაური განცხადება გააკეთა, კერძოდ მან აღნიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება არა „ნამდვილი დემოკრატია“, არამედ „ძვირადღირებული“ ბიუროკრატია“. პესკოვმა მიანიშნა, რომ ყველამ ისედაც იცის, რომ არჩევნებში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს და ის ხმათა 90%-ს მიიღებს.
სტატიის გამოსვლის დღეს პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად გადმოსცეს და ის მცდარად იყო ინტერპრეტირებული. ამის შემდეგ პესკოვი საჯაროდ არ გამოჩენილა.