World News in Georgian

იოსელიანი: სახალხო დამცველის მანდატი არ არის არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შეფასება არ არის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს.


„არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


პირველ ნოემბერს, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა ლევან იოსელიანი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, და არის თუ არა შედეგები ლეგიტიმური, იოსელიანმა განაცხადა:


„ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას, შესაბამისად, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, ამაზე ვერც მე, ვერც ჩემს შემდგომი, ვერც ერთი სახალხო დამცველი ამაზე ვერ იმსჯელებს“.


მისი თქმით, „ამაზე შეიძლება ილაპარაკოს სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა, იმ პარტიებმა, ვინც იქ ესწრებოდნენ, მაგრამ ... ჩვენ არ ვახორციელებთ სადამკვირვებლო საქმიანობას“.




ლევან იოსელიანის ნათქვამს ფეისბუკზე გამოეხმაურა „ღია საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე, - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობისას:


„სინამდვილეში, სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება“.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, წინა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერდა:


„მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილეობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები“.


იოსელიანმა პირველ ნოემბერს ასევე თქვა, რომ „ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე““.


მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნების გაყალბების ბრალდებით გამოდის და „კარუსელებზე“ საუბრობს, არცერთ პარტიას არ უთქვამს, რომ 350 000 ადამიანი მონაწილეობდა გაყალბების სქემაში.






26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:



"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.


ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.


მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა, რის გამოც ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, დამკვირვებლები და ამომრჩევლები. საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.






 

Читайте на 123ru.net