World News in Georgian

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების შედეგების გასაბათილებლად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.


როგორც ბესელიამ უთხრა მედიას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, პრეზიდენტი მიმართავს ყველა არსებულ სამართლებრივ გზას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.


ეკა ბესელიას განმარტებით, სარჩელი ეხება ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევას.


"პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეიზღუდა,არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას  არჩევნებში და ეს არღვევს უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე  და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც არის კონსტიტუციაში - ეს არის არჩევნების დროს ხმის ფარულობის დაცვა, რაც დაირღვა",-  განაცხადა ეკა ბესელიამ. 


იურისტ ეკა ბესელიას ინფორმაციით, სარჩელით ასევე დავობენ კონსტიტუციურობაზე იმ ნორმების, რომლებიც არჩეულ დეპუტატებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმ ეტაპზევე, როცა განაცხადებენ, რომ არ იქნებიან პარლამენტში, რომლის არჩევნების შედეგები გაყალბდა. ბესელიას თანახმად, „სამართლებრივი ლოგიკაა“, რომ სანამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა არ დასრულდება, პარლამენტმა ახალი წევრების უფლებამოსილება არ უნდა ცნოს.




 19 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისში  გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას  განაცხადა, რომ  ჯერ  გაირკვეს,  რომელ სარჩელში რომელ  ნორმას გულისხმობენ და გასცემენ პასუხს.


"მაგრამ თუ მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომელიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. ნორმა, რომელიც ზოგადად, პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს და უფლებამოსილების ცნობის საკითხს, არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად ასე არჩევნები არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ხელისუფლება დაელოდება,  პრეზიდენტის არგუმენტებს და  სარჩელის  საფუძვლებს.


„წინასწარ გარანტიას გაძლევთ, რეალურს, ვერაფერს იმიტომ, რომ ისეთი ნორმა, რაც მათ მიზნებს დაემთხვევა, საქართველოს კანონმდებლობაში და ქართულ კონსტიტუციაში არ არსებობს. თვითმიზანი არის ხალხის მოტყუება. თვითმიზანიც ეს არის, მიზანიც და რაღაც მანიპულაციები, რომელიც ქუჩაშია გადატანილი", -   თქვა მამუკა მდინარაძემ.




პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების  საკონსტიტუციო სასამართლოში  გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება 18 ნოემბერს პრესკონფერენციაზე  გააცნო საზოგადოებას.  მისი სიტყვებით მიუხედავად იმისა, რომ არ სჯერა ქვეყანაში ინსტიტუციების დამოუკიდებლობის "ეს უნდა იყოს როგორც ნიშანი, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ. და ბოლომდე არ გამოვცადოთ და ესეცაა ჩემი სარჩელის მიზანი, ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა და საით უნდა წავიდეს ქვეყანა".


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, იმ პოლიტიკოსს არ გადაეცემა დეპუტატის მანდატი, ვისი არჩევის საკითხიც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.


შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.


ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:



„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.


საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.


 

Читайте на 123ru.net