World News in Georgian

პენტაგონის თანახმად, ჩრდილოკორეელი სამხედროები მალე ჩაებმებიან ბრძოლაში უკრაინის არმიის წინააღმდეგ

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცი მალე უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში ჩაებმება. რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" თანახმად, ამის შესახებ პენტაგონის თავკაცმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ოსტინის თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედროები უკვე ინტეგრირებულნი არიან რუსულ დანაყოფებში და მზად არიან საბრძოლო ოპერაციებისთვის.


თავის მხრივ, CNN-ს უკრაინის სპეცსამსახურების წყარომ აცნობა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები ასევე იმყოფებიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. იქ მათი ყოფნის მიზანი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი რუსულ ფორმებს ატარებენ და თავიანთი აღჭურვილობით ცალკეულ ყაზარმებში არიან განთავსებულნი.

ამ დღეებში The Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის არმიის მიერ კურსკის ოლქში მდებარე სამეთაურო პუნქტზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, ჩრდილოკორეელი გენერალი დაშავდა.



ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების, ასევე ქვემეხებისა და საარტილერიო დანადგარების რუსეთში გაგზავნის შესახებ ადრე უკვე გაავრცელეს ცნობები სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა.
რუსეთის ხელისუფლება ამ ცნობებზე კომენტარს დღემდე არ აკეთებს. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ჩეჩნეთის სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო და პოლიტიკური დირექტორატის უფროსის მოადგილე აპტი ალაუდინოვი, რომელმაც ირიბად დაადასტურა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნა.


 




უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მხრიდან ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის, სულ მცირე, 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა.




 

Читайте на 123ru.net