World News in Georgian

25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12 საათზეა დაგეგმილი

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს 12 საათზე დაინიშნა - ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


ამ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები, შეზღუდულია მედიის მუშაობაც. რადიო თავისუფლება ამ დღეს პარლამენტის შენობაში ვერ შევა - პარლამენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უსაფრთხოების არგუმენტით ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებს მხოლოდ ტელემედია, არაუმეტეს ორი გადამღები ჯგუფით. 




საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. 


ცნობილია, რომ ამ სხდომას არ დაესწრებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. 


ტექნიკურად, პირველი სხდომის გასამართად, „ქართულ ოცნებას“ ცესკოს შედეგებით მიღებული 89 მანდატი ჰყოფნის.  პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება.




 


საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ჩატარებულ არჩევნებზე კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლების, ხმის ფარულობის და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ როგორ წარმართავს განხილვას, ჯერ მკაფიო არ არის.  


საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 


ცესკოს პირველადი შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს.




 

Читайте на 123ru.net