World News in Georgian

სასამართლომ დახურა ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება 25 ნოემბერს ვაშინგტონში მიიღო კოლუმბიის ოლქის სასამართლომ.

მოსამართლე ტანია ჩუტკანმა დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის განაცხადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვის შესახებ. სმიტმა სასამართლოს 25 ნოემბერს მიმართა.

სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, საქმეების დახურვის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ იმუნიტეტი დროებითია და ამოიწურება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიებას. ერთი ეხებოდა ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას, ხოლო მეორე - საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევას.

დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს.

78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.


მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

Читайте на 123ru.net