World News in Georgian

უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო

რუსეთმა უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა ენერგოობიექტებზე. რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა 28 ნოემბერს, დილიდან დაიწყო.


უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორი კომპანია „უკრენერგო“ იძულებული გახდა დაუყოვნებლივ მიემართა ენერგომომარაგების შეწყვეტის საგანგებო რეჟიმისთვის.


დღევანდელი მასირებული შეტევის კონკრეტული შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება.




უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მურმანსკის ოლქიდან უკრაინისკენ დაიძრა ტუ-95მს ტიპის შვიდი ბომბდამშენი, შავი ზღვიდან კი ფრთოსანი რაკეტების გამოშვებაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ შეტევა დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებითაც.




რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.


უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

Читайте на 123ru.net