World News in Georgian

ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ დემონსტრანტები - ვრცელდება ოთხი პოლიტიკური გაერთიანების განცხადება

ოთხი პოლიტიკური გაერთიანება/პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, მოითხოვს ყველა დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და და წერს, რომ ისინი დემონსტრანტებს ერთობლივი ძალით დაეხმარებიან სამართლებრივი, საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერით.


უცვლელია ოპოზიციური ლიდერების აზრი, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი საერთაშორისო ჩართულობით ახალი არჩევნების ჩატარებაა.


პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემური ძალადობა, „გააკეთონ მკაფიო განცხადებები მიტაცებული არჩევნების შედეგების არაღიარების თაობაზე და გადადგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯები“.


განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართველი ხალხის ლეგიტიმური მანდატის მქონე კოალიციები/პარტიები“ ერთად უპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ „არალეგიტიმურ რეჟიმს და მის მიერ ორგანიზებულ სისტემურ ძალადობას მშვიდობიანი მანიფესტანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.


„ჩვენი ბრძოლა საერთოა და ის ქართული დემოკრატიის და მისი ევროპული პერსპექტივის გამარჯვებამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის.


არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

Читайте на 123ru.net