World News in Georgian

პოლიცია მეტროსადგურ "რუსთაველში" ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა და ცემა მეტროს სადგურ "რუსთაველის" ზედა ვესტიბიულში.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა დაშალა და გასასვლელად მეტრო, ზანდუკელის ქუჩა  და ელბაქიძის დაღმართი დაუტოვა.


რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით დაძრულ აქტივისტებს გადაკეტილი დაუხვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა. მათი  ნაწილი მეტროში შეცვივდა, უკან კი პოლიცია მისდევდათ,  ნაწილი კი გარეთ დარჩა რუსთაველის ძეგლთან.  ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ათეულ დემონსტრანტს პოლიცია მოუწოდებდა ტერიტორია მეტროთი დაეტოვებინათ.  თავის მხრივ  აქციის მონაწილეები პოლიციელებს უწოდებდნენ "ომონს",  ისმოდა სხვა შეძახილებიც.




ამ დროს პოლიციელები  დაედევნენ აქციის მონაწილეებს, შეცვივდნენ მეტროს ფოიეში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანებს და რამდენიმე მათგანი დააკავეს, მათ შორის გამოცემა  "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი და დატოვეს ტერიტორია.


ჩაგელიშვილი პოლიციელებს უხსნიდა, რომ ჟურნალისტი იყო  და მათ წინააღმდეგობას არ უწევდა.




მეტროში გარკვეული  დროით გამორთული იყო ესკალატორი. როგორც მოგვიანებით, მეტროს ქვედა ვესტიბიულიდან უკან ამობრუნებულმა დემონსტრანტმა უთხრა  რადიო თავისუფლებას, ესკალატორი მათ გამორთეს, მეტროს თანამშრომლის წინააღმდეგობის მიუხედავად და ეს იმიტომ,  რომ პოლიციის დევნისგან დაეცვათ თავი.


რუსთველზე პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია  1 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე დაიწყო. პოლიცია წყლის ჭავლს იყენებდა პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა მათთვის ხელი შეეშალა მიახლოებოდნენ პარლამენტის შენობას. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.


აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.


ამის შემდეგ დილით 06:30 წუთამდე რუსთაველის გამზირზე ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.


სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს. ჯერჯერობით  უცნობია დაკავებულთა რაოდენობა. 


უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. 




არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.




 

Читайте на 123ru.net