World News in Georgian

კობახიძე "იმედში" სპეცრაზმის შესვლას ადარებს საზმაუსგან ღია ეთერის მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებს და ასევე ილაპარაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მოთხოვნაზე, ასახოს საზოგადოების ინტერესები და მიუკერძოებლად მოჰყვეს მიმდინარე ამბების შესახებ. კობახიძის შეფასებით, სრულიად საქართველოს გადასახადის გადამხდელებისგან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ღია ეთერის მოთხოვნა, რასაც ადგილი ჰქონდა 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, არის "ბოლშევიკების ხელწერა", "განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნა" და თვისობრივად იგივე მოვლენა, რაც იყო 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმის შეჭრა იმხანად ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია "იმედში".

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებული პრეტენზიები კობახიძემ ისე წარმოაჩინა, როგორც ტელეკომპანია "ფორმულის" რამდენიმე თანამშრომლის ახირება - მას არც ის არ უთქვამს, რომ "ფორმულის" მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, რომელიც ღია ეთერს ითხოვდა, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი.

"თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როცა კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. მათ გაიმეორეს მინი ფორმებში ის, რაც გააკეთეს თავის დროზე 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია "იმედში". ზუსტად იმის მცირე ანალოგია იყო - უბრალოდ, მათ აღარ აქვთ საშუალება, გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს თავის დროზე. მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", - თქვა კობახიძემ და იქვე დაამატა, რომ ხელისუფლებამ ბოლო ოთხ წელიწადში აღკვეთა "რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით."

კობახიძის ნარატივის იდენტურია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია - 1 დეკემბერს ღია ეთერზე უარის მიზეზებზე საუბრისას, ისინი ასევე შეეცადნენ, მათით უკმაყოფილება საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ, როგორც სხვა სატელევიზიო არხის რამდენიმე თანამშრომლის მოთხოვნა.

„მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება“, - ეს არის ფრაგმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებიდან, რომელიც 1 დეკემბერს გავრცელდა.

მეხუთე დღეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

დემონსტრანტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ამბების მიკერძოებულად გაშუქებაში ადანაშაულებენ, რის პასუხადაც "პირველი არხი" ამბობს, რომ აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

Читайте на 123ru.net