World News in Georgian

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა.


"როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა", - წერია ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.






2 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.


მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით, 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.


პოლიცია თავისუფლების მოედნიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა და აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაიყვანა.


პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა. ისინი ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც განლაგდნენ.


პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ.


შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.


დემონსტრანტების ნაწილი აგრძელებს პიროტექნიკის გამოყენებას.


პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის. პერიოდულად, ისვრიან გაზის კაფსულებსაც.




 

Читайте на 123ru.net