World News in Georgian

უკრაინა აცხადებს, რომ ნატოში მიწვევა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

ბრიუსელში დღეს მუშაობას იწყებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერაა. შეხვედრის წინა დღეს ოფიციალურმა კიევმა კვლავ მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თხოვნით, რომ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა გაუგზავნოს, რასაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ანონიმ დიპლომატებზე დაყრდნობით წერენ, რომ ასეთი მიწვევა უახლოეს მომავალში ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არ არსებობს კონსენსუსი კავშირის 32 წევრ ქვეყანას შორის.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, ღიად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ალიანსში მიწვევას. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინის მიწვევისთვის მზად არ არიან აშშ და გერმანია. ერთ-ერთმა დიპლომატმა "როიტერსს" უთხრა, რომ ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე განხილული იქნება უკრაინისათვის დახმარება სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, რისთვისაც კიევს "ფული, იარაღი და მობილიზაცია ესაჭიროება."

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.



მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ რუსეთი კვლავ ვერ დაესხმება თავს უკრაინას.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, უკრაინის დასახმარებლად კონგრესის მიერ მხარდაჭერილი თანხა დახარჯოს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.



დარჩენილი თანხა დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარამდეა.

Читайте на 123ru.net