World News in Georgian

სენატორები: „ქართული ოცნების“ ქმედებები საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ

სამმა ამერიკელმა სენატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ხალხს, რომელიც „მშვიდობიანად იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს“ მმართველი პარტიის „სასტიკი რეპრესიებისგან“.


ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, დემოკრატი ბენ კარდინის და მაღალი რანგის წევრების, რესპუბლიკელების, როჯერ უიკერის და ჯონ კორნინის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებიდან სერიოზული ღალატია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილის, მოცული იყოს ევროპული ღირებულებებითა და ინსტიტუტებით.


სენატორების შეფასებით, ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ სახიფათო რეჟიმის, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ და ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ხელყოფს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.




ამერიკელი სენატორები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩები არ არის ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემის და მასობრივი დაკავებების ადგილი.


კარდინი, უიკერი და კორნინი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფისთვის და აცხადებენ, რომ მან პასუხი უნდა აგოს თავისი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.


სენატორების განცხადებით, ევროატალანტიკური ინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის თავგანწირვას მუდმივი სოლიდარობა და მოქმედებები სჭირდება.






თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.


შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენი გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროეტქნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.




30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერეს, რადგან „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები პარტნიორობის, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ.


აშშ-ის გადაწყვეტილებას სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, „დროებითი მოვლენა” უწოდა „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან 1 დეკემბერს განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.


კობახიძის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე”.


სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებამდე პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, უარი ეთქვა სადავო კანონებზე, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონზე და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დაბრუნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

Читайте на 123ru.net