World News in Georgian

ქალს, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია მოსამართლემ 2600-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2600-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქალს, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია.


ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები. 3 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარის შემდეგ ნანა ტომარაძე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


მას სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ (173-ე მუხლი).


როგორც ნანა ტომარაძის ადვოკატი ილონა დიასამიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა სასამართლო პროცესს თავადაც ესწრებოდა.


ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრონ თუ არა მოსამართლის გადაწყტილება, მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდებათ.




3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 დემონსტრანტია დაკავებული. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, განახლებული მონაცემების მიხედვით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულია 293 პირი.




თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.


შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. ბოლო დღეებში პოლიცია აკავებს და ფიზიკურად უსწორდება არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროეტქნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.


ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:


„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა


„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს


„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში


„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი


„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი


ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი


აქციის მშვიდობიან მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შესახებ შსს-ში დღეს, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვების პასუხად, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ მსგავს ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.


2 დეკემბერს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ალექსანდრე დარახველიძეს, შსს-ს კიდევ 9 მაღალჩინოსანსა და პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს.


 


 

Читайте на 123ru.net