World News in Georgian

"აქციის აგრესიულმა წევრებმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს" - შსს ისევ აფრთხილებს მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს, რომ თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


უწყებაში აცხადებენ, რომ 3 დეკემბერს, შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის "აგრესიულმა წევრებმა", მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი მოქმედებები დაიწყეს.


"კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს", - წერია შსს-ს ინფორმაციაში. 


სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეების დაშლა უკვე დაიწყო. 


პოლიცია, დაახლოებით, 23:24 საათზე, წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანების თანხლებით დაიძრა თავისუფლების მოედნიდან და პარლამენტთან შეკრებილი  მომიტინგეები წინა დღეების მსგავსად, კვლავ "თბილისი მერიოტის" მიმართულებით გადაიყვანა. 


სპეცრაზმმა წყლის ჭავლი 23:32 საათზე გამოიყენა, პერიოდულად, ისვრიან გაზის კაფსულებსაც. 






თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.


მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.


საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

Читайте на 123ru.net