World News in Georgian

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს და გასამართლებას მოითხოვენ

სამხრეთ კორეის ოპოზიცია პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის გადადგომას მოითხოვს მისი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ, თუ ის თავისი ნებით არ გადადგება. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მოითხოვა, რომ პრეზიდენტს და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს ბრალიც წაუყენონ ამბოხებისა და სახელმწიფო ღალატისთვის.

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც. ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ მისი წევრები პრეზიდენტის გადადგომამდე გაფიცული იქნებიან.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.

საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.

იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა, პარლამენტს „დამნაშავეთა ბუდე" უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახდენს სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას, როცა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად ცდილობს მთავრობის წამყვანი წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.

3 დეკემბერს, პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სეულში პარლამენტის შენობასთან საპოლიციო ძალებთან ერთად სამხედროებიც განლაგდნენ. პარლამენტთან დაიწყო საპროტესტო აქციაც. ვრცელდებოდა ცნობები აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შესახებ.

სამხრეთ კორეის კონსტიტუციით, საომარი მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, თუ ამას პარლამენტის წევრთა უმრავლესობა მოითხოვს. გაუქმებას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პრეზიდენტის პარტიის, „მოქალაქეთა ძალის" წარმომადგენლებმაც.

Читайте на 123ru.net