World News in Georgian

მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდა მწერლებს - ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა

მწერალთა სახლში ლიტერატორებს დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა. ლიტერატორები დუმბაძისგან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მწერლების მხარდაჭერას ითხოვენ. ნოდარ მაჭარაშვილმა ნესტან ნენე კვინიკაძეს უთხრა, რომ ისინი მის "ოჯახში იჭრებიან."

"პატიმრის დაცვას მასწავლით, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე?!" - ეუბნება ნოდარ მაჭარაშვილი ნესტან ნენე კვინიკაძეს და არწმუნებს, რომ დედამისს, ქეთი დუმბაძეს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია აქციაზე დაკავებული და ნაცემი მწერლების მხარდასაჭერად.

"მაშინ თანამდებობა დატოვოს, რას ემსახურება?" - უპასუხა მას ნენე კვინიკაძემ.

"თანამდებობა რაზე უნდა დატოვოს, რაზე უნდა დატოვოს? რაც შეუძლია იმას დაეხმარება და განცხადებებს ვერ გააკეთებს. შენ არ ითვალისწინებ ვაფშე არაფერს. შენ საერთოდ არ მინახიხარ დედის ტ###ში რომ ვიყავი, ისეთი წამებები მაქვს გამოვლილი. თუ ჩემი ძმა ხარ, გამოვა ეგ ზვიადა რატიანი, რვა დღე მიუსაჯეს სულ", - იძახის ნოდარ მაჭარაშვილი და შემდეგ ხსნის, რომ მწერალთა სახლში მისული ლიტერატორების მხრიდან მოთხოვნებს აღიქვამს თავისი ოჯახის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციად.

"ჩემ ოჯახთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ. დედაჩემთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ", - ამბობს ის. ამ დროს საუბარში ერთვება მწერალთა სახლის თანამშრომელი ლელა შუბითიძე, რომელიც ცდილობს იმის ახსნას, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა მწერალთა სახლის მიმართ.

შელაპარაკების შემდეგ ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა;

"შენი #ოზი დედა მო###ან!" - იძახდა ნოდარ მაჭარაშვილი, როცა ოთახიდან გაჰყავდათ.

ინციდენტის დროს, მაჭარაშვილთან ერთად მწერალთა სახლში იმყოფებოდა, სულ ცოტა, ოთხი ისეთი ადამიანი, რომლებიც იქ არ არიან დასაქმებული. ლიტერატორების ვარაუდით, ესენი იყვნენ მაჭარაშვილის თანმხლები "ტიტუშკები."

ნოდარ მაჭარაშვილმა მკვლელობის ბრალდებით 5 წელი გაატარა ციხეში. გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსით ცხოვრობდა რუსეთში, ქეთი დუმბაძემ 2018 წელს თქვა, რომ მისი შვილი არ არის დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან. ნოდარ მაჭარაშვილმა ბოლო წლებში არაერთი რომანი და კრებული გამოსცა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე დააკავეს პოეტები ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე, კლინიკაში მოხვდა სასტიკად ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი.

Читайте на 123ru.net