პენტაგონი ადასტურებს უკრაინაზე რუსული „ორეშნიკით“ მორიგი დარტყმის შესაძლებლობას
რუსეთმა უკრაინას უახლოეს დღეებში შესაძლოა, ისევ შეუტიოს ახალი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“. ამის შესახებ 11 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა საბინა სინგჰმა. პენტაგონის ვარაუდი დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.
მანამდე ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის და მხოლოდ მსხვერპლს და ზიანს გაზრდის.
პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი ცდილობს არსენალში არსებული ყველა იარაღი გამოიყენოს უკრაინის დასაშინებლად. საბინა სინგჰის თანახმად, აშშ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქ დნეპრში საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას.
პუტინის თანახმად, ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში.
11 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული ATACMS-ით მორიგი შეტევის შესახებ განაცხადა, ამჯერად, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში მდებარე სამხედრო აეროდრომზე.