World News in Georgian

გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და საქმეზე დასკვნითი სხდომა გადადო

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე გიორგი ოკმელაშვილს ორი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობა და დასკვნითი სხდომა გადადო.

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს „პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით“, შემდეგ კი ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს - გამოძიება მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც“ ედავება.

სასამართლო სხდომის გადადება საქმის პროკურორმა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, მზად არ იყო დასკვნითი სიტყვისთვის.

ადვოკატ კობა ბარამიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მტკიცებულებები უდავოდ იმიტომ ცნეს, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო. მისი თქმით, უდავოდ ცნობილ ფაქტზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს 15-20 წუთი სჭირდებათ შესაჯამებლად.

მაგრამ ადვოკატის განმარტებით, პროცესი ორი თვით იმიტომ გადაიდო, რომ "ეს უკავშირდება მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვას". კობა ბარამია და გიორგი ოკმელაშვილის მხარდამჭერები მოელოდნენ, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გიორგი ოკმელაშვილს შეიწყალებდა.

მოსამართლემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებდა.

ამის გამო ადვოკატმა სასამართლოს შემადგენლობის აცილება მოითხოვა - სხდომის მრავალჯერ გადადების და მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების მიზეზით.

“ჩვენ არ გვაქვს ობიექტურობის განცდა ამ საქმეზე”, - თქვა კობა ბარამიამ.

მოსამართლემ დაუსაბუთებლად მიიჩნია არგუმენტი და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, პროცესის ხვალ ჩატარების შეთავაზებაზე კი უპასუხა: “ხვალ ვერ ჩავატარებ, პროცესები მაქვს”.

“თქვენ აქამდე არასაპატიმრო საქმეები განიხილეთ მაშინ, როცა პატიმრის სისხლის სამართლის საქმის განხილვა პრიორიტეტულია. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განზრახ აჭიანურებთ პროცესებს”, - თქვა კობა ბარამიამ.

გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმის მიზეზით. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ასევე 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე ბოლო სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა. ამის შემდეგ სხდომა ფაქტობრივად აღარ გამართულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებულების, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საია ექვსი ადამიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესზე დაკვირვებით ამტკიცებს, რომ შეინიშნება სასამართლო სხდომების დროის დიდი ინტერვალებით გადადების ტენდენცია, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ მათი დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა ვერ მოასწროს ამ საქმეებზე ბრალდებულების შეწყალება.

ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში არიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების გამო დაკავებული საბა მეფარიშვილი, ომარ ოკრიბელაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი და ფრიდონ ბუბუტეიშვილი. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო არ ცვლის მათთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ფორმას, პატიმრობას.

შემდეგი სხდომა გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე 10 იანვარს დაინიშნა.

Читайте на 123ru.net