WSJ: ირანის ძირითადმა ძალებმა ასადის გაქცევის შემდეგ სირია დატოვეს
სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ირანის მებრძოლთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა - იუწყება The Wall Street Journal-ი, დასავლელ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ირანის ათასობით მეომარი და მათი მოკავშირეები გაიქცნენ, ტექნიკა და იარაღი კი ადგილზე დატოვეს. იარაღი მოგვიანებით ისრაელმა გაანადგურა ან ხელში ჩაუვარდა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს", ჯგუფს, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლთა დიდი ნაწილი გაემგზავრა ერაყის ქალაქ ელ-ყაიმში, ნაწილი გაფრინდა თეირანში, ხოლო რადიკალური ჯგუფის, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰეზბოლას წევრები ლიბანში წავიდნენ.
სირიის ახალი მმართველობა, რომელსაც "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი" უდგას სათავეში, ირანს საფრთხედ განიხილავს და აპირებს, არ დაუშვას მისი ფორმირებების დაბრუნება სირიაში. ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აჰმედ აშ-შარა ამბობს, რომ ასადის მარცხმა რეგიონში ირანის გავლენის მასშტაბი ათწლეულებით დააბრუნა უკან.
ირანმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე მილიარდები დახარჯა. ამჟამად ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში მცირდება, მათ შორის ისრაელის საჰაერო დარტყმების და საბრძოლო დანაკარგების გამო - აღნიშნავს WSJ.
ანტისამთავრობო ძალებმა, რომლებსაც სათავეში ედგა პროთურქული ორიენტაციის "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი", შეტევა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს, 8 დეკემბერს კი გამოაცხადეს, რომ დამასკს აკონტროლებდნენ და ასადის რეჟიმი დამარცხებული იყო. სირიის პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მიიღო. The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ანტისამთავრობო ძალების მხრიდან დამასკზე შეტევის ფონზე ირანმა დაიწყო მებრძოლების და დიპლომატების ევაკუაცია ერაყსა და ლიბანში.